Wednesday, November 25, 2009

ინდური ქორწილის ტრადიციები









ინდური საქორწინო წესები თავისი ტრადიციულობით გამორჩევა – ეს იმას ნიშნავს, რომ ეს რიტუალები თითქმის იგივე დარჩა, როგორებიც ათასწლეულების წინ იყო. ქორწინების გადაწყვეტილება მთლიანადაა დამოკიდებული სასიძოს მშობლების გადაწყვეტილებაზე. ისინი ეძებენ შესაფერის საცოლეს თავიანთი ვაჟისთვის და მის მშობლებთან აწარმოებენ მოლაპარაკებებს მომავალი საქორწინო კავშირის თაობაზე. გოგონას თითქმის არავინ არაფერს ეკითხება: ბოლოს და ბოლოს გოგონას მშობლებს შეუძლიათ უბრალოდ უბრძანონ მას გაჰყვეს ცოლად სრულიად უცნობ ახალგაზრდას და ის ვალდებულია დათანხმდეს. ეს საერთო წესებს რაც შეეხება, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, დასავლური ცივილური წესები არც ინდოეთისთვისაა უცხო, რაც საკუთარი თვალით ვიხილე კიდეც. 2007 წელს ინდოეთში ჩემი მოგზაურობის მთავარი მიზანი ინდოელი მეგობრების ქორწილზე დასწრება იყო, სადაც მთელი სულთა და გულით მიმიწვიეს. ჩემი მეგობრები ჯუჰი და ეშლი, რომელმაც ლამაზი ოჯახი შექმნეს, ქორწინებამდე 4 წელი ერთად ცხოვრობდნენ. ამის შესახებ მშვენივრად იცოდნენ ამ ახალგაზრდების მშობლებმა და როგორც ვიცი, განსაკუთრებული საწინააღმდეგო ამ თანაცხოვრების არც არაფერი ჰქონდათ. და როდესაც ეს ყველაფერი 6 დღიანი ქორწილით დასრულდა (3 დღე ქალაქ ალაჰაბადში, და 3 დღე მუმბაიში), ყველანი ძალიან ბედნიერები იყვნენ, როგორც გოგოს ნათესავები, ასევე ბიჭისაც. ყველაზე მეტად გადაქანცულებად კი თვითონ წყვილი გამოიყურებოდა ყველა მ გაუთავებელი ცერემონიების შემდეგ, რომლებიც ამ 6 დღის განმავლობაში ტარდებოდა. მოკლედ, ეს რაც კონკრეტულად ჩემს მეგობრებს შეეხებოდა, ახლა კი ისევ დაუბრუნდეთ ზოგად ტრადიციებს, რომლებიც განსაკუთრებული სიმძლავრით დაბალ კასტებში და პერიფერიებში იგრძნობა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ დიდ ქალაქებში ვინმემ ამ ტრადიციებზე უარი თქვა.

ქორწილის დღეს სასიძოს აკრძალული აქვს ჭამა თვით ქორწინების ცერემონიის დაწყებამდე, რომელიც, როგორც წესი დღის მეორე ნახევარში იწყება. სასიძოს სახლში ნათესავი გოგონები ცეკვავენ და მღერიან. შემდეგ ტარდება მცირე, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი რიტუალი – ყვითელი ფერის განდიდების ცერემონია, რომელიც ინდოეთში ასოცირდება მზესთან და ასევე ერთგულების სიმბოლოსაც წარმოადგენს. თავიდან ყველა დამსწრე შუბლზე ისვამს ყვითელ ფხვნილს და შემდეგ ერთმანეთსაც აყრიან ამ ფხვნილს.

ამ ცერემონიის შემდეგ სასიძოს მამა საზეიმოდ წარმოთქვამს ამ ოჯახის გარდაცვლილი ნათესავების სახელებს, და თითქოს მათ მოუწოდებს გახდნენ მოწმეები და წინაპრებს გადასცენ, რომ მათი შთამომავალი ცოლს ირთავს. შემდეგ ცერემონიის ყველა მონაწილე საპატარძლოს სახლისკენ მიემართება, სადაც რიტუალი კვლავ მეორდება.

საქორწინო ცერემონიის მთავარი ნაწილი, როგორც წესი საპატარძლოს ოჯახში იმართება საღამოსკენ, სადაც დათქმულ დროს სასიძო თავის მეგობრებთან და ნათესავებთან ერთად მიდის. ამ დროისთვის უკვე მომზადებულია მცირე ზომის სამლოცველო ადგილი, რომელიც სპეციალურად საქორწინო ცერემონიისთვისაა გაკეთებული. ეს სამლოცველო დაფარულია ტენტით, ოთხივე მხარეს ძელები მორთულია პალმებით და მთლიანად შემოსილია უამრავი ყვავილით, ძირითადად ყვითელი ფერის ყვავილებით. სასიძო დადგება სიპ ქვაზე და ელოდება, ვიდრე რამდენიმე ადამიანი ხის პალანკინით საპატარძლოს გამოიყვანს სახლიდან. საპატარძლო მდიდრულად მორთულ, ძირითადად ღაჟღაჟა წითელ ფერის სარითაა შემოსილი და უამრავი სამკაული უკეთია. პალანკინის მატარებელი ადამიანები სასიძოს შვიდჯერ შემოუვლიან, შემდეგ გაჩერდებიან და ახალგაზრდებს თხოვენ, რომ ერთმანეთს თვალებში შეხედონ.

შემდეგ მთელი საქორწინო ცერემონია მიემართება იმ ადგილისკენ, სადაც სასულიერო პირი ლოცვებს კითხულობს და ახალგაზრდების ფიცის მოსმენის შემდეგ წყვილის ხელებს ძაფზე ასხმული ყვავილებით შეკრავს. ამ დროს სასიძო პატარძალს შუბლზე და თმის გამყოფ ხაზზე წითელ საღებავს უსვამს: ამიერიდან ისინი უკვე ცოლი და ქმარი არიან. შემდეგ ყველა მიემართება შენობაში ზეიმის გასაგრძელებლად, სადაც ცეკვები და სიმღერები იმართება. მხიარულება მთელ ღამეს გრძელდება, დილით ი სტუმრები ტოვებენ ახალგაზრდა პატარძლის ოჯახს და პატარძალი ქმრის სახლში მიჰყავთ, სადაც ახალგაზრდებს ასევე ელით საჩუქრები და დალოცვა. ამ დღეს არანაირი ცერემონიები არ ტარდება, ყველა ისვენებს. და მხოლოდ მეორე დღეს ქმრის ოჯახში იღებენ საჩუქრებით მოსულ პატარძლის ნათესავებს, რომლებსაც სუფრას უშლიან და გართობასაც უწყობენ.

ყველა ინდურ უზრუნველყოფილ ოჯახში ქორწილი ძვირი სიამოვნებაა. მაგალითად პენჯაბში, ნიშნობასა და ქორწილის ცერემონიას შორის 1–2 დაძაბული თვეა. ამ დღეებში საპატარძლოს ოჯახი გამალებით აგროვებს ქალიშვილის მზითევს: უამრავ სარის ნებისმიერი ცხოვრებისეულ სიტუაციისთვის, სხვა ტანისამოსს, სამკაულებს, სამზარეულოს მოწყობილობას... ქორწილამდე 2 დღის განმავლობაში საპატარძლო შინიდან არსად გადის. სახლს ალამაზებენ ყვავილების გირლიანდებით და სხვადასხვაფერი ნათურებით.

ბოლოს დგება ქორწილის დღე, რომელზეც თავს იყრის 700–800 სტუმარი. საპატარძლოს მშობლებმა უნდა უზრუნველყონ ისინი საკვებით და საცხოვრებლით. საპატარძლოს მაჯებსა და მკლავებზე ღაჟღაჟა წითელი ფერის სამაჯურები უკეთია, რაც იმას ნიშნავს, რომ ქალიშვილი თხოვდება. ამ სამაჯურებს ის ქორწილის შემდეგაც ერთი თვის განმავლობაში არ მოიხსნის.

1 comment:

  1. http://www.blogroll.ge/ ქართული ბლოგების კატალოგია დარეგისტრირდი და გადახედე სხვა ქართულ ბლოგებსაც. მომწონს შენი პოსტები მაგრამ პატარ პატარა დეტალების გარეშე რომელიც შენს ბლოგს აკლია მკითხველს ვერ მოიზიდავ.

    ReplyDelete

Followers